საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: გემის გემბანის ექსპლუატაცია
სარეგისტრაციო ნომერი: 10.16.1
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
გემის გემბანის ექსპლუატაციის საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს გემბანის რიგითი მეზღვაური, რომელიც შეძლებს შემდეგი მოვალეობების შესრულებას: გემბანის მოწყობილობებისა და მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაცია; უსაფრთხო სანავიგაციო ვახტის წარმოებაში, გემის დაბმა-დაშვებისა და ღუზაზე დგომის ოპერაციებში მონაწილეობა; გემბანის მექანიზმების პროფილაქტიკურ მოვლა-შეკეთებაში და გემზე სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობა; გემის საჭის მართვა; გემზე არსებული სივრცეების მოვლა-დასუფთავება; საკვანძო-საბაგირო სამუშაოების შესრულება; გემზე სამღებრო სამუშაოების განხორციელება და გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სრული ზოგადი განათლება.
სამედიცინო ცნობა:
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა პროგრამის დასრულების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტი, ასევე პრაქტიკული მომზადების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამის შემდეგ კურსდამთავრებულმა, კვალიფიკაციის სერტიფიკატის / კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად, უნდა გაიაროს სერტიფიცირება და ჩააბაროს გამოცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები:
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და აუცილებელი აღიარებული საზღვაო ნაოსნობის სტაჟის მიღების შემდეგ, გემის გემბანის ექსპლუატაციის IV დონის პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს, კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების საფუძველზე, შეუძლია დასაქმდეს გემბანის რიგით მეზღვაურად სავაჭრო, სამგზავრო, საპორტო-სამსახურებრივ, თევზსაჭერ და სხვა ტიპის გემებზე. კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია დასაქმდეს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ საჯარო ან კერძო დაწესებულებებში.
