მობილობა ნიშნავს პროფესიული სტუდენტის გადაყვანას ერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში ან კოლეჯის შიგნით ერთი პროგრამიდან სხვა შესაბამის პროგრამაზე. მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და კოლეჯში დადგენილი წესების შესაბამისად.
მობილობა
მობილობით სარგებლობა შეუძლია პირს, რომელიც:
- არის პროფესიული სტუდენტი;
- სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- მობილობის მოთხოვნის მომენტში ირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- ან დროებით შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომლის დაშვების წინაპირობებსაც სტუდენტი აკმაყოფილებს.
მობილობით ჩარიცხვა, როგორც წესი, შესაძლებელია შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კოლეჯის აღმასრულებელი დირექტორი.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან მხარდამჭერმა წერილობით უნდა მიმართოს კოლეჯს.
განცხადებაში უნდა მიეთითოს, რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სურს სტუდენტს მობილობით ჩარიცხვა.
განცხადებას უნდა დაერთოს:
- დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სტუდენტი ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- პროფესიული სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტების ასლები;
- საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ.
კოლეჯს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
თუ დოკუმენტები დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი, კოლეჯს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე.
მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტუდენტმა უნდა მიმართოს კოლეჯის ადმინისტრაციას. კოლეჯი სტუდენტს მიაწვდის ინფორმაციას საჭირო დოკუმენტების, ვადებისა და მობილობის პროცედურის შესახებ.
მობილობის განცხადებას განიხილავს კოლეჯში შექმნილი შესაბამისი კომისია. კომისია ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და ამზადებს რეკომენდაციას სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კოლეჯის აღმასრულებელი დირექტორი. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სტუდენტი ჩაირიცხება შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით.
კოლეჯს შეუძლია უარი თქვას მობილობით ჩარიცხვაზე, თუ:
- შესაბამის პროგრამაზე არ არის თავისუფალი ადგილი;
- სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს;
- კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტის შემდგომ სწავლებას კონკრეტული პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მობილობის პროცესში კოლეჯი შეისწავლის, რამდენად შეესაბამება სტუდენტის მიერ სხვა პროგრამაზე მიღწეული სწავლის შედეგები იმ პროგრამას, რომელზეც მას სურს გადმოსვლა. შედარების შემდეგ განისაზღვრება, რომელი სწავლის შედეგები შეიძლება ჩაითვალოს უკვე მიღწეულად.
თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიცვალა ან გაუქმდა, კოლეჯი სტუდენტს მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას და დაეხმარება შემდგომი სწავლის გაგრძელებაში.
სტუდენტს შეუძლია:
- გააგრძელოს სწავლა იმ პროგრამაზე, რომელზეც სწავლობს, თუ ეს შესაძლებელია;
- ან ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს შესაბამის პროგრამაზე.
თუ კოლეჯში აღარ ხორციელდება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, კოლეჯი სტუდენტთან შეთანხმებით ხელს შეუწყობს მის მობილობას სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სტუდენტის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
